ეკონომიკა
29/12/2020

BAG-მა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან, ბექა ფერაძესთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას 100-ზე მეტი სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა პასუხები მიიღეს 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის გაფართოებულ მანდატსა და შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე. შეხვედრაზე ინსპექციის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს, როგორც გაზრდილი მანდატის ფარგლებსა და შრომითი უფლებების დაცვის ინსპექტირების წესზე, ისე - ინდივიდუალურ პრობლემებზე. ასევე განიხილეს მთავრობის დადგენილებით გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით წარმოშობილი ინტერპრეტაციებიც.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“  აღნიშნავს, ინსპექციის ხელმძღვანელობის მიერ ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გაეცა. ასოციაცია კიდევ ერთხელ მიესალმება ინსპექციის მხრიდან კერძო სექტორთან მსგავს აქტიურ თანამშრომლობასა და კოოპერაციას.