ეკონომიკა
26/01/2021

BAG-ის ვებინარზე სამეწარეო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.

ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესების” ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულის საფუძველზე მიმდინარეობს.

ვებინარს უძღვებიან სასწავლო მოდულის ავტორები: გიორგი ჯუღელი, ნინო ბაქაქური და ლაშა ცერცვაძე.

ვებინარი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს, რის შედეგადაც ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სამეწარეო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე.

ვებინარის ფარგლებში განიხილება: სამეწარმეო სამართლის რეფორმა; საწარმოს დაფუძნება და ქონებრივი სტრუქტურა; სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოები; საწარმოს დირექტორის ფიდუციური მოვალეობები: კეთილსინდისიერების (ზრუნვის) მოვალეობა; კეთილსინდისიერების მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში; ჰიპოთეტური საქმე კეთილსინდისიერების (ზრუნვის) მოვალეობაზე; ერთგულების მოვალეობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში; დირექტორის მოვალეობების დარღვევის გამო საწარმოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში; პარტნიორთა კეთილსინდისიერების ვალდებულება და პასუხისმგებლობა; პარტნიორის დერივაციული სარჩელი, წინაპირობები, შედეგი, ხარჯები; გამჭოლი პასუხისმგებლობა, წინაპირობები, მტკიცების ტვირთი; დახურული კორპორაციები და მათი თავისებურებები; სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით პარტნიორის სარჩელის საფუძველზე.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანამშრომლობა შედგა და ბიზნეს ასოციაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, კომპეტენტური და პროფესიული მოსაზრებები მოისმინონ კანონპროექტზე „მეწარმეთა შესახებ“. ეს ვებინარი დაეხმარება ჩვენს წევრებს მკაფიო მოსაზრებების ჩამოყალიბებისა და მზადყოფნისთვის სიახლეებსა და ცვლიბებებთან ადაპტირების კუთხით“ - განაცხადა ასოციაციის იურიდიული მიმართულების დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა.