ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ხუთ კომპანიას მიენიჭა
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
კომპანიების ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ბიზნესისთვის - საქართველოში რეგისტრირებულ ხუთ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა.
სტატუსის მფლობელი კომპანიები გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლებენ. ეს კომპანიები არიან: შპს „დემასი“, შპს “გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს “შარმ ტრეიდინგი”, შპს “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“.
მათ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკაფები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ გადასცა.
აღნიშნულ სტატუსს აქამდე მხოლოდ ორი კომპანია - შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი“ ფლობდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად დაუახლოოს საბაჟო პროცედურები ევროპულ რეგულაციებს. ეს რეგულაციები კი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.
ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ: ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.