აუდიტის სამსახური მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას შეისწავლის
აუდიტის სამსახური Covid 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს განახორციელებს.
ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან 75 მლნ ევროს ხელშეკრულება გააფორმა, დაფინანსებიდან 60 მლნ ევრო) ქვეყანამ უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტების ჩატარების შემდეგ მიიღებს.
საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფო აუდიტორები შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეისწავლიან, კერძოდ:
ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი − აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;
საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი − აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ-სასტუმროების მართვის საკითხი;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი − პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები.
ამასთანავე, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტებს ატარებს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისი მეთოდოლოგიებით, სადაც მოცემულია აუდიტის პრინციპები და პროცედურები.
აუდიტის პროცესი მოიცავს შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასებას, დოკუმენტების შესწავლას, ინტერვიუების, კითხვარების, ანალიზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებას. აღნიშნული მეთოდების შერჩევა ხდება აუდიტის მასშტაბისა და მიზნებიდან გამომდინარე.
კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს განახორციელებს.