ეკონომიკა
24/05/2023

"აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ EBRD-ის ყოველწლიურ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა უზბეკეთში გამართულ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ღირებულებების ჯაჭვის ინტეგრირება ვაჭრობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, მიიღო მონაწილეობა.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ EBRD-ის ფინანსური პროდუქტების დირექტორი პაოლო მონაკო, Citigroup-ის გლობალური გადახდების დირექტორი პარვაიზ დალალი და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პანელის მთავარი თემა განვითარებადი ეკონომიკების კონკურენტუნარობა და მიწოდების ჯაჭვის ინტეგრირება იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ლოგისტიკური კავშირები, და სტანდარტები.

პანელზე გამოსვლისას თორნიკე ზირაქიშვილმა ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობ ფინანსურ და ექსპორტზე ორიენტირებულ მხარდამჭერ პროგრამებზე.

„მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, გარდა ფინანსური მხარდამჭერი პროგრამებისა, საქართველოში ჩვენ დავნერგეთ კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი წარმომადგენელი კომპანიების აყვანას, ვინც სააგენტოს სახელით ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებს უცხოეთის ბაზარზე პროდუქტის გატანაში ეხმარება და უწყობს ხელს მათ კონტაქტების დამყარებაში“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.