ასოციაცია: ელკომერციის განვითარება ჩვენი ეკონომიკის მომავალია
ელკომერციის ასციაიციის ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის კანონის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსა და USAID–ს შორის კანონპროექტის განხილვის მიზნით შეხვედრა არ ჩანიშნულა და შესაბამისად, ამ პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილელები არ ყოფილა.
ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ელკომერციის მიმართულებას ადვოკატირება სჭირდება და სანამ ბაზარი სათანადოდ არ გაიზრდება, რეაგირებაც შედარებით ნაკლები იქნება.
"ზოგადად, ელკომერციის არა მხოლოდ კანონზე მუშაობა, არამედ ამ ინდუსტრიაზე ზრუნვა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელ სამყაროში ელექტრონულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მთავრობა უნდა იაზრებდეს, რომ ეს ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ელკომერციის წარმომადგენლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა ძალიან სერიოზულად პოზიციონირებდნენ, თანაც ასე ბაზრებზე გასვლა უფრო მარტივია. თუნდაც ამ რთული პერიოდის დროს, ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ელკომერცია საშუალებას იძლევა საქართველო მსოფლიოსთვის ღია იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ელკომერციის კანონის აქტუალურობას ვერ ხედავენ."–ამბობს გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ამ სფეროს წარმომადგენლების ჩართვა, სხვა შემთხვევაში ეს იქნება მორიგი კანონი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ელკომერციის ინდუსტიასა და მის განვითარებაზე.
"უნდა ვიფიქროთ, როგორც მომხმარებლების უფლებებსა და ინტერესებზე, ასევე ბიზნესის ინტერესებზე. ამიტომ, ინდუსტრიის განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი და ამ სექტორის სხვა ასოციაციების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვის პროცესში უნდა ჩართონ და აქტიური კომუნიკაცია ქონდეთ მათთან," – აცხადებს ელკომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, USAID-ის ეკონომიკური ოფისის უფროსმა მრჩეველმა დავით წიკლაურმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ცდილობენ ელკომერციის კანონის მიღება დააჩქარონ.
კანონპროექტის მიღებით, ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვის, მომსახურების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობისა და ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების პრინციპები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ კანონზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. USAID-ის პროექტმა "მმართველობა განვითარებისთვის" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური დახმარება გაუწია, რომლის საშუალებით ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის დირექტივა (2000/31/EC) დამუშავდა. საქართველოს კანონის პროექტი "ელექტრონული კომერციის შესახებ" ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით მომზადდა.