აშშ-სთან “ბიზნესგეგმის შედგენა“ საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს-თურნავა
„აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა.
ინტერვიუში ქით ქროქმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ - ის „ბიზნესგეგმის შედგენაზე“. მინისტრის განცხადებით, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას,“ - აღნიშნა მინისტრმა.
„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრებათ მთავრობებს, ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), რომელიც განიხილავს, საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს. ამიტომაც ვახდენთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ინტენსიფიკაციას და ამ წინსვლის პერსპექტივები არის ისეთი ნათელი, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.