აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემო და პირობებია
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მიმზედველი საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური მდგრადობისა და ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბლუმბერგის 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო მიმართულება. ინვესტიციების მხრივ საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
კვლევის მიხედვით, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს - 55%-ს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცნობადობა ქვეყნის საინცესტიციო შესაძლებლობების შესახებ ძირითად გადაწყვეტილებებს შორის საკმაოდ მაღალია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემო და პირობებია, ამასთან საინვესტიციო გარემოს მიხედვით ქვეყანა ლიდერია რეგიონში და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მოწინავე პოზიციებზე იმყოფება.
"რაც შეეხება საერთაშორისო სანქციებს, ანგარიშში ხაზგასმით დაფიქსირებულია, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
ასევე, სანქციების ეფექტიანი აღსრულების მხრივ, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ახალი განყოფილება, რომელიც აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულებას, ასევე ეხმარება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.
ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის ინსტიტუციებთან, როგორებიცაა: OFAC, OFSI და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, ეროვნულ ბანკი ამ კოოპერაციის საფუძველზე იღებს კონკრეტულ საკითხებზე მითითებებს სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად.
ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებიკენ მიმართულ რეფორმებზე და აღნიშნულია გადახდისუუნარობის ახალი კანონის შესახებ, რომელიც 2021 წლის პირველ აპრილს შევიდა ძალაში - კანონი „კრედიტორთა რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. კანონის მთავარი მიზანია კრედიტორების ინტერესების დაცვა, რეაბილიტაციის მექანიზმების ხელშეწყობა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სასამართლოს როლის გაძლიერება, პროცესის მონაწილე პირების უფლებებისა და მოვალეობების გამიჯვნა და გარკვევა. ამ კანონმა გაადვილა რთულ სიტუაციაში მყოფი კომპანიების რეაბილიტაციისა და ზრდის პროცესი. ასევე აღნიშნულია ენერგეტიკის ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტიციებს სხვადასხვა ენერგეტიკული ეკონომიკური აქტივობების განვითარებისა და მდგრადი და ალტერნატიული ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით.
დაბალი შრომითი ხარჯები ასევე ზრდის საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტორებისათვის. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.
ანგარიშში საუბარია სახელმწიფო შესყიდვებზეც და ანგარიშის შეფასებით საქართველომ განაგრძო სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემის ფუნქციონირება, რომელიც საჯარო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს,"- ნათქვამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.