არჩილ გაჩეჩილაძე: 500 STARTUPS-ის გამარჯვებულმა სტარტაპებმა $5 მლნ მოიზიდეს
“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, სტარტაპში 4 გამარჯვებულია, რომლებმაც უმოკლეს დროში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს.
მისი თქმით, 500 STARTUPS-ის პირველი და მერე ნაკადში მონაწილე სტარტაპებმა დაახლოებით 5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს და 350-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს.
“მცირე დროში შთამბეჭდავი ციფრები გვაქვს. დაახლოებით 5 მილიონი დოლარია მოზიდული ინვესტიციებად ამ კომპანიებში, რაც კარგი მაჩვენებელია. არა მარტო ამ კომპანიებმა მოიზიდეს კერძო ინვესტიციები, არამედ ერთ-ერთი მათგანი უკვე წარსდგა Demo day-ზე, ასე რომ ბევრ კარგ ამბავს ველოდებით მომავალში“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.
მისი თქმით, ესენია მაღალტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ძირითადად მომსახურების სფეროში არიან, სადაც ახალგაზრდა ადამიანებია დასაქმებული.
“ერთ-ერთი დაკავებულია მანქანების ჩამოყვანით, აქ გარემონტებით, რომლებიც ზოგჯერ ექსპორტზე გადის, ზოგი აქ მოიხმარება. ეს პროცესი ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ბევრი დეტალია. იქ არის მოძებნა, აუქციონი, ავტომატიზაცია. ერთ-ერთმა კომპანიამ ავტომატიზაცია ისეთ დონეზე აიყვანა, აღმოჩნდა, რომ საინტერესო იყო არა მხოლოდ ქართველი დილერებისთვის, არამედ შუა აზიის ქვეყნებზე გავიდა “,- აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი საქართველოშია წარმოდგენილი.
500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.