"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მასშტაბური პოტენციალი გაგვაჩნია"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხი განიხილეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების, ასევე, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა.
„საქართველო, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებით, არაბი ინვესტორების ინტერესის საგანს წარმოადგენს. მივესალმებით ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს “, - აღნიშნა აჰმედ ალნუაიმმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ხილი, მოცვი, თხილი, და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ნოემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (UNFCCC COP 28) მასპინძლობს, სადაც ელჩმა ოთარ შამუგია პერსონალურად მიიწვია.