ეკონომიკა
10/10/2023

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.  დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით.

ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას. 

ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

Businesspartner