ეკონომიკა
20/10/2020

"არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ბიზნესს დაეხმაროს"

ჩვენ არ ვართ იმ ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ასეთ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ბიზნესს დამატებითი რესურსით დაეხმაროს, - ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ  გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის  ოთხეული“ ისაუბრა. 

„ერთი მხრივ, ბიზნესი არის მთავარი კონტრიბუტორი ბიუჯეტისთვის, მეორე მხრივ ბიზნესი ითხოვს დახმარებს ბიუჯეტიდან. ყველა ვთანხმდებით, დღეს საქართველო საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ არ ვართ  ერთ სულ მოსახლეზე იმ ეკონომიკის მქონე  ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ასეთ ვითარებაში  ბიზნესს დაეხმაროს დამატებითი რესურსით, რომ მან სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს.  რაც შეეხება ისრაელის მაგალითს - როცა  ისრალეში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად  გაიზარდა  და „ლოქდაუნი“  გამოაცხადეს,  შედეგიც მალევე მიიღეს. მკვეთად შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელს აქვს ე.წ. ფინანსური  ბუფერები.

რაც კორონავირუსის პანდემიამ გვაჩვენა, ეს არის გამოძახილი ეკონომიკის დიჯიტალიზაციის, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად  მზად არის საქართველოში ბიზნესი, სამუშაო ძალა,  ამ სტრუქტურული რეფორმებისთვის“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მან ასევე შეაფასა კორონავირუსის გავლენა ბიზნესზე. მისი თქმით, კომპანიები  სწორად აღიქვამენ, რომ ერთი მხრივ სასწორზე დგას მათი თანამშრომლების ჯანმრთელობა, მეორე  მხრივ დამსაქმებლები ცდილობენ შეინარჩნონ საკუთარი ბიზნესის სტაბილურობა. 

"ყველა კომპანია აანალიზებს საკუთარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, დასაქმებულების წინაშე. აუცილებელია, რომ დასაქმებულებიც ანალოგიური პასუხისმგებლობით  მიუდგნენ.  აუცილებელია, ყველამ კარგად გავაანალიზოთ, ბიზნესის სტაბილურობა, მთელი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას  განაპირობებს,“ - ამბობს ვეფხვაძე.