აპრილში საარსებო მინიმუმი 4.2 ლარით შემცირდა და ₾251.8 გახდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 4.2 ლარით შემცირდა და 251.80 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 10.8 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში საარსებო მინიმუმი 241 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მარტთან შედარებით, 3.6 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 226.7 ლარის ნაცვლად,223.1 ლარი გახდა. გასული წლის აპრილთან შედარებით კი საშუალო მომხმარებლის სააარსებო მინიმუმი 9.6 ლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.