ეკონომიკა
20/09/2023

APM Terminals-ი ფოთის პორტის გაფართოებას 2024 წლამდე დაიწყებს - კომპანიის გეგმები

„შუა დერეფანზე გაზრდილი ინტერესის გამო, ფოთის პორტზე ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მეტიც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კონტეინერების დამუშავებაზე დაახლოებით 70%-იანი მატება გვაქვს, ასევე მატებაა მშრალი ტვირთების დამუშავებაზეც, როგორც ნაყარი, ასევე გენერალური ტვირთების შემთხვევაში,“- ამის შესახებ გადაცემა ”ბიზნესი რუსთავი 2-თან” ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals-ის კომერციული ურთიერთობების დირექტორმა, ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზღვაო ნავსადგურია, რომლის ოპერირებასაც, კომპანია "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" (APM TerminalS Poti) ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია  APM Terminals-ი საწყის ეტაპზე ტექნოლოგიურ განვითარებას გეგმავს, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ საჭირო არ არის პორტში ძველი ხერხით, ნაყარ მდგომარეობაში ტვირთის გადატანა.

კომპანიამ ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, ე.წ.  როტეინერის პრინციპი, რომელიც პორტის გარეთ არსებული ტერმინალების სიმძლავრეებს იყენებს. ამ სისტემის მიხედვით, გემის პოზიციიდან გამომდინარე 6 წამში 24 ტონამდე ტვირთის კონტეინერში ჩატვირთვა ხდება, რის შემდეგადაც, კომპანიის კომერციული ურთიერთობების დირექტორის ვარაუდით, წლის ბოლომდე გემების დამუშავება 20%-ით გაიზრდება. 

”ჩვენი მიზანია ბაზარზე მიმზიდველი ვიყოთ. გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიანი გეგმების შემთხვევაში, გვინდა ტექნოლოგიური ცვლილებები და ხალხის გადამზადება.

რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, გვინდა ღრმაწლოვანი პორტი გავხდეთ, რის გამოც ახალი  ტერმინალის მშენებლობას ვგეგმავთ,’’-აცხადებს ჩხარტიშვილი.

როგორც APM Terminals-ის კომერციული ურთიერთობების დირექტორი აღნიშნავს, ფოთის პორტის გაფართოებისა და განვითარებისათვის, კომპანიამ დაახლოებით 200 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რის შემდეგაც ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი ექნება, რომელიც 65 000 ტონიან გემებს მოემსახურება.

ჩხარტიშვილის ინფორმაციით, თითქმის ყველა პროცედურული საკითხი მოგვარებულია, გარდა სამართლებრივისა, რომელის დასრულებასაც კომპანია ოქტომბრის ბოლოს ელოდება, რის შემდეგადაც ტექნიკური პროცესები დაიწყება და ინვესტიცია განხორციელდება.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების დაწყების თარიღმა 2023 წლის ბოლოს/2024 წლამდე გადაიწია, პროექტი ორ ფაზად იყოფა და პირველი ეტაპის მოსალოდნელი დასრულების თარიღი 2026 წლის პირველი კვარტალია, რომელიც მოიცავს საკონტეინერო ტერმინალის დასრულებას, რაც მოცულობას გააორმაგებს.

 

Businesspartner