ანდრეი პლენკოვიჩი: გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში
"მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა უნდა გაუმჯობესდეს და მიესალმა ხორვატიული კომპანიების ქართულ ბაზარზე საქმიანობას.
"მივესალმებით ხორვატიის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას. კომპანიები ფუნქციონერებენ საქართველოს ბაზარზე თავიანთი პროექტებით და გვინდა, ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში.
ასევე, ველოდებით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის კვალობაზე, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებზე, გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტების ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ ევროკავშირის პროექტების ფარგლებში.
ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და ნახეს, რა არის ჩვენი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აცნობა.
„ვესაუბრე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. ჩვენი მშპ 66 მილიარდი დოლარია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროზონისა და შენგენის სივრცის წევრი. ეს არის ის სამიზნეები, რომლებიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის, ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ზაგრებში გავხსნით ხორვატიაში საქართველოს საელჩოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ, პრემიერ-მინისტრო, ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.