ეკონომიკა
22/09/2023

"ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველ ჯერზე $589 მლნ-ია გათვალისწინებული"

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განახლებულია. შესაბამისად, პირველი ფაზით, ბიუჯეტი 589 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი ანაკლიის განვითარებისთვის. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი.

საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია, მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანია MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება. იმედი გვაქვს შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად, 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

საქართველოს მთავრობამ პროექტის თავდაპირველ ავტორ და განმახორციელებელ კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია $1.5 მლრდ-ს  აჭარბებს.

Businesspartner