ეკონომიკა
22/09/2023

ანაკლიის პორტის მშენებლობით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანიაა დაინტერესებული

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს და შვეიცარულ-ლუქსემბურგულ კომპანიას სურს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.

მინისტრმა კონკურსში მონაწილე კომპანიების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, განაცხადა, რომ აღნიშნული ორი კომპანია შერჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა. 

"ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. 

რაც შეეხება სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, მათი წინადადებები არ იყო შესაბამისი შერჩევის კრიტერიუმებთან, აქედან გამომდინარე ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

საქართველოს მთავრობამ პროექტის თავდაპირველ ავტორ და განმახორციელებელ კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის გენერალური შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია $1.5 მლრდ-ს  აჭარბებს.