ეკონომიკა
20/02/2023

ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დაველოდებით ანაკლიის პორტში ინვესტორების შემოსვლას და წელსვე დავიწყებთ მშენებლობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

„ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს, ესე იგი ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, 51% იქნება ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს. ჩვენ არ დაველოდებით ინვესტორების შემოსვლას და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენი ამოცანაა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების გაფართოების და სხვა კონცეფციაზე ვმუშაობთ გამართულად. ასე რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური სიახლეები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.