ეკონომიკა
14/12/2020

ანაკლიის პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს

საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე თავად პროექტის ეკონომიკური დასაბუთების განახლება ესაჭიროება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ერთად, რაც არის ინვესტორების მოძიების საწინდარი.

"2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. ამასთან, ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.

არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. 

Businesspartner