ეკონომიკა
31/07/2023

"ანაკლია იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX-ის საკონტეინერო გემების მიღება"

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

„ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები.

არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან.

უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას.

ძვირფასო მეგობრებო, გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან - ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან - ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას.

ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს.

ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner