ანა ბიერდე: ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ანა ბიერდე პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის პროცესს.
ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშილთან გამართულ შეხვედრაზე ანა ბიერდემ აღნიშნა, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია.
"განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, ასევე, ისეთი სტრუქტურული საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა" - განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ.
"ვაკვირდებით და დიდად ვაფასებთ 2021 წელს საქართველოში ძლიერ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ნამდვილად რთულ 2020 წელს მოჰყვა. განვიხილეთ სამომავლო გამოწვევები, რომლებიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და ინფიცირების ახალი შემთხვევებით არის განპირობებული. ვისაუბრეთ მთავრობის რეაგირებაზე, ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაზე, ასევე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის სხვა მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მექანიზმებზე. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე. მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ის გამოწვევები, რაც მზარდ ინფლაციას და მისგან მომდინარე ეფექტს გულისხმობს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო რეფორმების პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მოუთმენლად ელის მსოფლიო ბანკი“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.