ეკონომიკა
20/01/2023

ალიევი: შუა დერეფანი კომერციულადაც მიმზიდველი უნდა გახდეს

შუა დერეფანი არამხოლოდ კორიდორია, არამედ მის მიმართ დიდი მოლოდინები არსებობს,-  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით “როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ მონაწილეობისას ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, ტრანზიტ ქვეყნად გახდომა დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები და ადგილობრივი წარმოება. ამ მიზნით ჩვენ  ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

ტრანსპორტირება ჩვენ არამხოლოდ სერვისის ექსპორტის დივერსიფიცირებაში დაგვეხმარება, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნის გზაზე ყოფნა დამატებით ქმნის ბიზნეს შესაძლებლობებს აზერბაიჯანისთვის. მალე ჩვენ ბაქოს თავისუფალ ზონას წარვადგენთ, რომელიც პორტის გვერდით მდებარეობს და ვიმედოვნებთ, რომ კომპანიები ამ მიმართულებით ინვესტირებას განახორციელებენ. 

ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მხოლოდ ბიზნეს კლიმატი რა თქმა უნდა საკმარისი არაა, შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო, როგორიც საქართველოს და აზერბაიჯანს ან საქართველოს და თურქეთს აქვს,"-აღნიშნა ალიევმა. 

მისივე მტკიცებით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის პარტნიორობა, არამედ დასავლეთისა და აღმოსავლეთისაც.

"ჩვენ გვჭირდება ასევე ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ მოვიზიდოთ ტვირთები უკუ მიმართულებით, ევროპიდან აზიისკენ. დამაკავშირებელი ხიდის გათვალისწინებით, ჩვენ საკმაოდ დიდი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ ტრანსპორტირების მიმართულებით და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა დიდი ტვირთების მისაღებად მზადაა.

აზერბაიჯანის პორტს 15 მილიონი ტონა ტვირთის მიღების შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული კიდევ გაიზრდება 25 მილიონ ტონამდე და ამისთვის თანხები უკვე გამოყოფილია. ჩვენ ახლა გვჭირდება შევქნათ კორიდორის მონაწილე ქვეყნების საბჭო, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი შევა. ვფიქრობ, ახლა მეტი კოოპერაცია გვჭირდება კორიდორის ყველა მონაწილე ქვეყნებს შორის, "ერთი ფანჯრის" პრინციპსა და სატარიფო პოლიტიკაზე, რათა ეს კორიდორი კომერციულადაც საინტერესო გავხადოთ,"-განაცხადა ალიევმა. 

 

Businesspartner