აგვისტოში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპი შენელდა
ივნისი-ივლისის მაღალი ზრდის შემდეგ, აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპი შენელდა.
მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 1.173 მლრდ დოლარია, როდესაც ივნისში მაჩვენებელი 1.212 მლრდ დოლარი, ივლისში კი 1.246 მლრდ დოლარი იყო. წინა ორ თვესთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპორტი (335 მლნ დოლარი), ასევე იმპორტი (838 მლნ). თუმცა აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2020 წლის აგვისტოსთან, ასევე 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.
მთლიანობაში 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.678 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2%-ით მეტია.
ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა, 2.605 მლრდ-მდე, იმპორტმა კი 6.073 მლრდ დოლარს მიაღწია, წლიურად 20.7%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3.467 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40% შეადგინა.