აფბა სურსათზე ფასების რეგულირების მიმართულებით რეკომენდაციას ავრცელებს
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა ეხმაურება ბოლო პერიოდში სურსათზე მაღალ ფასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა თუ ინიციატივებს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „აფბა“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა და ეკიდება ქვეყანაში ფასების საერთო დონესა და ინფლაციასთან დაკავშირებულ პროცესებს. იმდენად, რამდენადაც ჩვენი მოსახლეობისთვის ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაცემა აქვთ ფასების საერთო დონეზე, განსაკუთრებით კი სასურსათო პროდუქციაზე, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკის თავისებურებიდან გამომდინარე, სასურსათო პროდუქტების წილი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სამომხმარებლო კალათაში და მისი წილი 30%-ს აღმატება.
განსაკუთრებული ყურადღება პროცესმა მას შემდეგ მიიქცია, რაც კონკურენციის სააგენტოს მიერ, პრემიერის სპეციალური დავალების შედეგად ჩატარებული, სურსათის ბაზრის კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სასურსათო პრუდუქციის იმპორტისას, მთელ რიგ ხშირ შემთხვევებში, მარჟა 100%-საც უტოლდებოდა.
თუ დავაკვირდებით სურსათის ფასების გლობალურ ინდექსს (fao), რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განუხრელად მცირდება. ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ ეროვნული ვალუტის კურსს, რომელიც ამავე პერიოდში საშუალოდ 18-19%-ით არის გამყარებულ, აშშ დოლართან მიმართებაში, სავსებით ლოგიკური და გასაგებია საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი სურსათის ფასების, პრაქტიკულად ძველ ნიშნულზე შენარჩუნების გამო.
"აფბა" ასევე ყურადღებით აკვირდება ამ პროცესებში მთავრობის ქმედებებს, რომელიც გარკვეულწილად რეგულატორის როლშია წარმოდგენილი და ცდილობს დაარეგულიროს რითეილ სექტორსა და იმპორტიორებს შორის არსებული ურთიერთობები.
თუმცა, ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს მწარმოებლებსა და რითეილ სექტორს შორის არსებული ურთიერთობები, სადაც, აფბა-ს შეფასებით, ბევრი სპეციფიკური პრობლემა ფიქსირდება და ეს პრობლემები ასევე გახლავთ სურსათზე მაღალი ფასების არსებობისა და კონკურენციის ხელშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.
კონკრეტულად კი, რითეილ სექტორი მეწარმეებს სოლიდურ თანხას სთხოვს პროდუქციის საკუთარ დახლებზე განთავსების სანაცვლოდ. ამ არაფორმალურ გადასახადს რითეილ სექტორი მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან ე.წ. გარანტიად ითხოვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საბრუნავი „ქეშის“ პრობლემაც კი აქვთ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფინანსური გარანტიების გაღება არ შეუძლიათ რითეილ სექტორის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც რითეილ სექტორი ყველა ფილიალზე ცალ-ცალკე ითხოვს საკმაოდ სოლიდურ საგარანტიო თანხას.
შესაბამისად, რითეილ სექტორის ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაზარზე კონკურენციას და არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და დიდ მიმწოდებლებს. ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზეც.
იმდენად, რამდენადაც მთავრობა სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებას „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის“ მოთხოვნათა შესაბამისად განიხილავს, "აფბა" მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის ამ კანონის განხილვისას მხედველობაში მიიღოს ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა და ყველა მწარმოებელს მისცეს თანაბრად განვითარების საშუალება, რაც თავის მხრივ გააჯანსაღებს ბაზარს და გაზრდის არსებულ კონკურენციას.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „აფბა“ ცალსახად ემიჯნება რაიმე ფორმით ღია ბაზარზე ჩარევის პოლიტიკას და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ღია და თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენებით მიესალმება.