ეკონომიკა
06/04/2022

ADB: საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 3.5%-ით გაიზრდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5%-მდე შენელდება,- ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

 ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2023 წელს მცირედ გაუმჯობესებას და 5% მატებას უწინასწარმეტყველებს, გაზრდილი საშინაო და საგარეო მოთხოვნის ფონზე, რასაც დაჩქარებული საკრედიტო ზრდა და ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში სტრუქტურული რეფორმების შედეგად ექსპორტის ხელშეწყობა განაპირობებს.

„საქართველო რუსეთის უკრაინაში შეჭრის უარყოფით შედეგებს დაინახავს შემცირებული ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხით,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

„ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ. ასევე სასურველია მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში და იმავდროულად მოახდინოს რეგიონების ფისკალური დეცენტრალიზაცია, სოციალურ სექტორებში ინვესტირების პარალელურად. ეკონომიკაში საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მონაწილეობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს თანაბრად ფარავს“,-აცხადებს შეინ როზენტალი. 

ADb-ს  ანგარიშში განმარტებულია, რომ 2022 წელს ინფლაციის 7%-მდე, 2023 წელს კი 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ გაფართოვდება და 2022 წელს მშპ-ს 10%-ს შეადგენს, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რაც 2023 წელს 7.5%-მდე შემცირდება. ექსპორტის ზრდა 2022 წელს 12.1%-ით არის ნავარაუდევი, 2023 წელს კი 14.9%-ით. რადგან ეკონომიკური სანქციები რუსეთში ზრდას აფერხებს, ფულადი გზავნილები 2022 წელს სავარაუდოდ $1.8 მლრდ-მდე  შემცირდება, 2023 წელს კი -  $1.7 მლრდ-მდე. 

ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საჭიროება საქართველომ გააძლიეროს შიდაეროვნული სახელმწიფო დაფინანსება, რაც სერვისების მიწოდებას უფრო ეფექტიანს და ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორისაა დიდი დასახლებული ცენტრებისთვის მნიშვნელოვანი კომპლექსური სერვისების მიწოდება; ასევე წყალმომარაგება და წყალარინება რეგიონულ ქალაქებში, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის. ფისკალური დეცენტრალიზაცია გააუმჯობესებს სერვისების მიწოდებას და ხელს შეუწყობს ზრდას.

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობების გაზრდის გზით. ფისკალური დეცენტრალიზაციის წარმატება დამოკიდებული იქნება ადგილობრივ მთავრობებში ფინანსური მართვის შესაძლებლობების გაზრდასა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გადამზადებაზე პოლიტიკის განვითარებისა დაუნარების განხორციელების კუთხით, როგორიცაა ჯანმრთელობისა და განათლების ბიუჯეტირება და სოციალური სერვისების მიწოდება.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.