ეკონომიკა
30/10/2020

9 თვეში საქართველოში ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

საქართველოში ეკონომიკა 9 თვეში 5%-იან ვარდნას აჩვენებს. კლების ტრენდი შენელებულია და ამაზე გავლენა სექტემბრის მაჩვენებელმა მოახდინა, რამდენადაც 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მხოლოდ 0,7%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-აგვისტოში წლიური ვარდნა 5,6%-ით განისაზღვრა, მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი -12,3%-ზე იყო.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.

Businesspartner