€800 მლრდ პანდემიასთან საბრძოლველად – რა ერგება საქართველოს
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ გლობალური ეკონომიკა მასშტაბური გამოწვევის წინაშე დადგა. ჩაიკეტა საზღვრები, შეწყდა ავიამიმოსვლები, დაიხურა ათასობით სავაჭრო ქსელი, მაღაზიები, გასართობი ცენტრები. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19 -ის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა სოლიდური თანხების გამოყოფა დაიწყეს.
„ექსტრაორდინალურ ვითარებაში საჭიროა ექსტრაორდინალური ქმედებები“- წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.
„ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე,”- ვკითხულობთ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას განცხადებაში.
„აუცილებელია, რომ მკვეთრად შევამციროთ მდგომარეობის გაჯანსაღების დრო“,- ამბობს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, დევიდ მალპასი.
რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად ამ ეტაპისთვის მობილიზებულმა თანხამ 800 მლრდ ევროს გადააჭარბა.
ევროზონაში შემავალი ქვეყნების მხარდასაჭერად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 750 მლრდ ევრო გამოყო. „კერძო და საჯარო სექტორის ფასიანი ქაღალდების დროებითი აქტივების შესყიდვის ახალი პროგრამის წამოწყება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული რისკების საწინააღმდეგოდაა მიმართული. შესყიდვები განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე და გავრცელდება აქტივების ყველა კატეგორიაზე, რომელიც შესყიდვების ამ პროგრამითაა გათვალისწინებული“,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
1 მლრდ ევროა მობილიზებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. თანხა მთლიანად მიემართება კორონა ვირუსის გავრცელების შედეგებით დაზარალებული კერძო სექტორის მხარდასაჭერად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 10 მლრდ დოლარს „უღარიბესი ქვეყნების“ დასახმარებლად გამოყოფს, 40 მლრდ კი საჭიროებისამებრ სხვა ქვეყნებს მოხმარდება. ჯამში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუის მიერ მობილიზებულია 50 მლრდ დოლარი.
მსოფლიო ბანკი (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად COVID-19-ის შედეგებს ამ ეტაპზე 14 მლრდ დოლარით დაუპირისპირდება. აქედან 8 მლრდ დოლარი სრულად მიემართება კერძო სექტორში, დარჩენილი თანხა კი ჯანდაცვის სისტემაზე გადანაწილდება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მობილიზებული თანხა 6.5 მლრდ დოლარია. „3.6 მილიარდ დოლარი გათვალისწინებულია სუვერენული (სახელმწიფო) ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად; 1.6 მილიარდი დოლარი მოხმარდება არასუვერენულ (კერძო სექტორის) ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონული ვაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაც პირდაპირი ზარალი მიიღეს. ADB ასევე მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ შეღავათიან რესურსებს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. ADB ასევე გამოყოფს 40 მილიონ დოლარს ტექნიკური დახმარებისა და სწრაფი გრანტებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჩვეულებრივ, მსგავსი ტიპის სოლიდური ორგანიზაციების ფინანსური პაკეტები განვითარებადი ქვეყნებისკენაა მიმართული. თუმცა, ახალმა კორონავირუსმა წესები დაარღვია და მდგომარეობა მთელ მსოფლიოში შეცვალა. დახმარებას ახლა ისეთი ქვეყნებიც ითხოვენ, როგორიცაა იტალია, ესპანეთი…
ცვალებადი ვითარების გამო ამ დრომდე უცნობია რა ოდენობის თანხებს გამოყოფენ დონორი ორგანიზაციები საქართველოსთვის, თუმცა ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ეს რიცხვი საკმაოდ სოლიდურია. ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ყოველდღიურ კონტაქტზეა.
„პროგნოზები მსოფლიოს მასშტაბით საათობრივად იცვლება. დინამიური პროცესია და გვსურს მაქსიმალურად რეალისტები ვიყოთ. ამ ნაწილში საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე. ციფრს ვერ დავასახელებ, თუმცა დახმარება საკმაოდ სოლიდური იქნება და ის საქართველოს ეკონომიკას მოხმარდება“,- განმარტავს ფინანსთა მინისტრი.
სანამ მინისტრთა კაბინეტში თემის ირგვლივ ზოგადი განცხადებები კეთდება, ქართველი ექპსერტები მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ურჩევენ.
„პირველ რიგში, საჭიროა, არსებული ნეგატიური გავლენები დაიყოს სექტორების მიხედვით. მძიმე დარტყმა მიადგა ტურიზმს, შესაბამისად, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება. მძიმე დარტყმა მიადგა ასევე საცალო ვაჭრობასაც. ერთ მხრივ, მას მოაკლდა მომხმარებელი, მეორე მხრივ, დაიხურა ობიექტები. ეს გათვლები უნდა გაკეთდეს და უნდა ეთხოვოს საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებს, რომ ამის საკონპენსაციოდ მოგცენ თანხები“,- განმარტავს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ღაღანიძე.
პროფესორი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებები დონორების წინაშე რიცხვებით გამყარებული დოკუმენტაციითა და დამაჯერებელი საუბრით უნდა წარსდგნენ. ღაღანიძე აქვე ლარის გაუფასურების შეჩერების პროცესში საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საქონლით ვაჭრობაში რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვქონდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვქონდა. წელს ეს როგორ იქნება არავინ იცის. დამატებით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი წყარო იყო ვალუტის შემოდინებისთვის – ტურიზმი და გადმორიცხვები. ორივე დაიშრიტა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად გვჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსები ლარის გამყარებისთვის“,- აცხადებს გიორგი ღაღანიძე.
PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტის აზრით, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები და გამოყოფილი თანხების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რა მასშტაბებს მიიღებს საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება არც ისე დიდია, ეკონომიკა ისევეა დაპაუზებული, როგორც სხვა ქვეყნებში. აბსოლუტურად გასაგებია მთავრობის სიფრთხილეც. ატარებენ გამოუვალი სიტუაციით ნაკარნახებ ქმედებებს.
რაც შეეხება იმას, რამდენად გაითვალისინებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მდგომარეობას, ამის თქმა წინასწარ ძნელია, თუმცა, თუ უახლოეს თვეებში პანდემია ვერ შეაჩერეს, დახმარების ფინანსური პაკეტებიც გადაისინჯება“,- განმარატვს მიხეილ კუკავა.