₾665 მლნ-იანი ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის ვადები უცნობია
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის ვადები უცნობია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ ეტაპზე დასრულებულია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები.
პროექტი შედგება 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბისა და 28 კმ სიგრძის საავტომობილო გზისაგან. მიწის გზის ვაკისის სიგანედ განსაზღვრულია - 8 მეტრი, სავალი ნაწილის სიგანედ განსაზღვრულია - 6,5 მეტრი, გვირაბის ვერტიკალურ გაბარიტად განსაზღვრულია - 4,6 მეტრი.
დეპარტმანეტში აცხადებენ, რომ პროექტით გათვალისწინებული ტრასით შესაძლებელი იქნება მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დაკავშირება.
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება პროექტის მიღების ეტაპზე 665 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
„პროექტის განხორციელება, დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობისა და სხვა განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განხილული იქნება მომდევნო წლებში,” - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტმანეტში.
შეგახსენებთ, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 2016 წლის 25 აგვისტოს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ ლენტეხიდან მესტიაში ასვლა გვირაბით, საათნახევარში იქნებოდა შესაძლებელი.