60%-იან ზღვარს ზემოთ - "ჩვენი ძირითადი გამოწვევა მთავრობის ვალის შემცირებაა"
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიან ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის ფონზე ყველაზე დიდი გამოწვევა მთავრობის ვალის 60%-იან ზღვრის გადაჭარბებაა.
ივანე მაჭავარიანმა 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზე, 2020-2021 წლებში ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მლრდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მშპ-ის 9,4%-მდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6%-ზე დაბლა. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.
„მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა, მთავრობის ვალის შემცირება. საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.