5.7%-დან 2.9%-მდე - WB-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ზიანთან ერთად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გლობალური ეკონომიკის განვითარება კიდევ უფრო შეანელა.
ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელების ფონზე კი WB სტაგფლაციის რისკის ზრდას ვარაუდობს.
მსოფლიო ბანკის მიმოხილვის თანახმად, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება 5.7%-დან 2.9%-მდე რაც იანვარში პროგნოზირებულ 4.1%-თან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ამ დონეზე დარჩება 2023–24 წლების განმავლობაში, რამდენადაც ომი უკრაინაში ახლო მომავალში შეაფერხებს საქმიანობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას, შესუსტდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, ხოლო ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები შეწყდება. შედეგად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, პანდემიით და ომით გამოწვეული ზიანის გამო, განვითარებად ქვეყნებში, შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით თითქმის 5%-ით ნაკლები იქნება.
"ომი უკრაინაში, „ლოკდაუნი“ ჩინეთში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტა და სტაგფლაციის რისკი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ბევრი ქვეყნისთვის რთული იქნება ეკონომიკური ვარდნის თავიდან აცილება. ბაზრები მომავალზე არიან ორიენტირებულნი, ამდენად მნიშვნელოვანია წარმოების წახალისება და სავაჭრო შეზღუდვების თავიდან არიდება. საჭიროა ფისკალური, მონეტარული, კლიმატისა და სავალო პოლიტიკის ცვლილება კაპიტალის არარაციონალური გამოყენებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად",- აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში ახსნილია ისიც, რომ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში ეხება მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. კერძოდ, ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში.
„განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა დააბალანსონ ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროება დღევანდელი ურთიერთგადამფარავი კრიზისების უღარიბეს მოსახლეობაზე ზემოქმედების შერბილების საჭიროებით. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მკაფიო კომუნიკაციას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სანდო საფუძვლების გამოყენებითა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის დაცვით, ინფლაციის მოლოდინის ეფექტური განსაზღვრა და პოლიტიკის გამკაცრების საჭიროების შემცირება შეუძლია ინფლაციასა და საქმიანობაზე სასურველი შედეგების მისაღწევად", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.
WB-ის პროგნოზით, მომავალ წელს მოსალოდნელია გლობალური ინფლაციის ზომიერ მაჩვენებლამდე დაყვანა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის სავარაუდოდ მაინც სამიზნე დონეზე ზევით შენარჩუნდება. ანგარიში აღნიშნავს, რომ თუ ინფლაცია მაღალ დონეზე დარჩება, ადრინდელი სტაგფლაციის გამეორება შეიძლება გადაიქცეს მწვავე გლობალურ ვარდნად და ფინანსურ კრიზისად ზოგიერთ ფორმირებად ბაზარსა და განვითარებად ქვეყანაში.