ეკონომიკა
04/04/2023

40 და მეტი წლის ავტომობილების მფლობელები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

40 წლის და მეტი ასაკის ავტომობილების მფლობელებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და საკომიტეტო მოსმენებს გადის.

საუბარია განბაჟების საფასურის შემცირებაზე, რამაც, ცვლილებების ავტორთა თქმით, ერთ კუბურ სანტიმეტრზე ამჟამინდელი 2,4 ლარიდან 1 ლარამდე უნდა დაიკლოს.

როგორც კანონპროექტის ერთერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა ავტომობილების მიმართულებით წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, დამზოგველი ტრანსპორტის შეძენაში ხელშეწყობა და ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისებაა, რაც გამოიხატება როგორც ამ ავტომობილების განბაჟების ტარიფის შემცირებაში, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

„ხელისუფლება ატარებს რეფორმას ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს ავტოპარკის განახლებას იმგვარად, რომ ერთი მხრივ, ის დარჩეს ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, მაქსიმალურად თავსებადი ეკოლოგიასთან. რეფორმებით ხელისუფლებამ მაქსიმალურად წაახალისა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. ამ ფონზე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ რეგულაციებს კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. შესაბამისად რეფორმების საერთო რეგულაციებში არ უნდა მოხდეს იმ მნიშვნელოვანი სფეროს და სექტორის დაზიანება, რასაც ჰქვია კლასიკური, ისტორიული ავტომობილები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად.

ცვლილება ასევე განხორციელდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება და ევროპის მსგავსად დაწესდება განბაჟების ტარიფი.