ეკონომიკა
02/03/2023

4 თვეში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის 165 განაცხადი შევიდა, 80-ზე საქმის შესწავლა დაიწყო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 165 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 80 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ოთხი თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით კვლავაც 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 4%.

მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 28%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 13%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო სხვა დანარჩენი 26%.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 1%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ია.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge.