₾350 მლნ-მდე გაზრდილი პრივატიზაციის გეგმა - რა მოლოდინი აქვს მთავრობას
2021 წლის პირველი კვარტლისგან განსხვავებით სახელმწიფოს მიერ გამოტანილ საპრივატიზებო ქონებაზე ბიზნესის მხრიდან ინტერესი გააქტიურდა.
როგორც ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პირველ კვარტალში გამოცხადებული აუქციონის 80% ჩაიშალა, კერძო სექტორისგან აქტიურობა არ აღინიშნებოდა და თითქმის ყველა აუქციონი იშლებოდა, მეორე კვარტლიდან კი ბიზნესი გამოცოცხლებულია.
„წლევანდელი წლის საპრივატიზაციო გეგმა იყო 150 მილიონი. დღევანდელი დღის მდგომარეობით 200 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება უკვე პრივატიზებულია. ეს არის 5 თვის მონაცემები. თუ ტენდენცია შენარჩუნდა და არ მოხდა სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება, ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია სახელმწიფო ქონებიდან 350 მლნ ლარის მობილიზება,“ - განმარტა გიორგი დუგლაძემ.
მისივე ინფორმაციით, ძირითადად სახელმწიფოს აუქციონზე გამოტანილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო მიწები, შენობა ნაგებობით და სასოფლო სამეურნეო მიწები.
„პროცენტულად მცირე რაოდენობით აუქციონზე გამოსულია სახელმწიფო საწარმოებიც. თუმცა, ჩვენ ვამზადებთ აქტიურად სახელმწიფო საწარმოებს რომ გადავიდეს კერძო სექტორის საკუთრებაში და ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს,“ - განმარტა გიორგი დუგლაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით მთავრობა პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების გეგმას ზრდის. წელს ბიუჯეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვით 200 მილიონი ლარით მეტს მიიღებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენასთან პრივატიზაციის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია.
“ნაერთ ბიუჯეტში 250 მლნ ლარის პრივატიზაცია გვქონდა დაგეგმილი. მეორე კვარტლის დინამიკამ, პრივატიზაციის მაჩვენებლის, აჩვენა რომ ხდება ეკონომიკის აღდგენა, შესაბამისად ამ ტენდენციის და პოტენციურად იმ საპრივატიზაციო ობიექტების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმოკლეს დროში მომზადდეს და გავიდეს საპრივატიზაციოდ, ჩვენ ვზრდით პრივატიზაციის გეგმას, ჯამში ნაერთი ბიუჯეტისთვის ეს იქნება 480 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 350 მლნ ლარი. ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციის მაჩვენებელი გაორმაგებულზე მეტია.
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარამეტრის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ კერძო სექტორი აღდგენის მოლოდინშია, ემზადება ინვესტიციების განსახორციელებლად, ვინაიდან ტყუილად არც აქტივს, არც მიწას და არც სხვა ქონებას არავინ ყიდულობს. ყველა ყიდულობს იმიტომ, რომ იქ მომავალში ინვესტიციები განახორციელოს.
წლევანდელი პრივატიზაცია ერთი მხრივ გარკვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მისი პოტენციალი ეკონომიკაში, რა წვლილის შეტანა შეუძლია თუნდაც უკვე მომდევნო წელს“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.