2024 წლის ბოლოს, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი 90%-ზე მეტი იქნება - გახარია
დღეს ქვეყანაში გაზიფიცირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ეს, უბრალოდ ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც სრულდებოდა 2021 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში დაახლოებით 85-90%-ია, კიდევ 3 წლით გაგრძელდა.
„დაიწყო გაზიფიცირების ახალი პროგრამა 2021-2024 წლებისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2021 წლის პროგრამაში დამატებით ახალი 46 სოფელია გაზიფიცირებული და 2022-2024 წლის პროგრამაში 17 ახალი სოფელია, რომელიც გაზიფიცირდება. 2024 წლის ბოლოს, როდესაც გაზიფიცირების ახალი 3-წლიანი გეგმა დასრულდება, ქვეყნის გაზიფიცირების მაჩვენებელი იქნება 90%-ზე მეტი. ევროპის ქვეყნებში ასეთი მაჩვენებელი არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ზოგჯერ, გაზიფიცირების ლოზუნგი საარჩევნო საკითხი ხდება და ეს დასამთავრებელია, რადგან გაზიფიცირება ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.