ეკონომიკა
28/12/2022

2023 წლიდან ₾40 მლნ ავტობუსების შეძენაზე იქნება მიმართული

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ  2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენისას იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება.

მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი  განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ - ავტობაზის მშენებლობისთვის.

ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას.  პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა.

გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი;  უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი; მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და  რეაბილიტაციის სამუშაოები.