ეკონომიკა
22/02/2023

"2023 წელს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში ხელმისაწვდომი მინიმუმ ₾100 მლნ-ი იქნება"

2023 წელს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პროექტებისათვის მინიმუმ 100 მილიონი ლარის რესურსი იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.

მისი მტკიცებით, საქართველო ინოვაციური ეკოსისტემების რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბდა. მაგალითისთვის საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა, რომელსაც  სილიკონ ველის ერთ-ერთი მსხვილი და გლობალური აქსელერატორი მართავს. მასში მონაწილეების 2/3-ს კი რეგიონალური სტარტაპები შეადგენს, რომლებიც საქართველოში იმისათვის ჩამოდიან, რომ გაიარონ აქსელერაციის პროგრამა და მათი პროდუქტი მსოფლიო გლობალურ ბაზარს მიაწოდონ.

„ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემა შედგა და ამაზე  არა მხოლოდ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო ან მთავრობა, არამედ ამ ეკოსისტემის ბევრი მონაწილე საუბრობს.

GITA-ს მიერ დაფინანსებული სტარტაპები, პორტფელის მიხედვით დაახლოებით 120 -ია. ჯამურად მათ მიერ მოზიდული უცხოური ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღწევს,“ -აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისი  ინფორმაციით საგრანტო პროგრამებზე 25 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითიც სამინისტრო ახალბედა ბიზნესებს ეხმარება. როგორც ირაკლი ნადარეიშვილი აღნიშნავს, მათი ძირითადი სამიზნე ინოვაციური საზოგადოების განვითარება იყო. დღეს კი ინოვაციების ეკოსისტემაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციისა და სერიოზული გამოცდილების ადამიანები ერთვებიან.

„ჩვენ მუდმივად პროგრამების მოდიფიცირებას ვახდენთ. დღეს, პროგრამები  მთლიანად განვითარებასა და ზრდაზე გადავაწყეთ. 700 პროექტზე მეტია გარანტირებული და ხელშეწყობილი მხოლოდ  საკრედიტო-საგარანტიო სქემის პროგრამით და ჯამში 600 მილიონ ლარზე მეტი სესხების უზრუნველყოფა გავაკეთეთ.“ - აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა კერძო ინვესტორების , როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ქართული ინვესტორების მხრიდან, რომლებიც სტარტაპებით აქტიურად ინტერესდებიან და რესურსს დებენ.

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სქემა 2015 წელს ამოქმედდა. სქემა დაფუძნებულია პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.

 

 

Businesspartner