2023 წელს პენსიონერების ₾500-იანი ვაუჩერების პროგრამაზე ₾10 მლნ-ი დაიხარჯება
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელდება წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში განხორციელდება 5 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვა.
ვაზისუბანში განხორციელდება პარკის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება მთლიანობაში 7 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის ხარჯი იქნება 3.5 მლნ. დიღომში, 31 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება ₾4.9 მლნ-ს შეადგენს.
ციციშვილის პარკის რეაბილიტაციისთვის ₾3.5 მლნ-ის შესყიდვა განხორციელდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუხიანის პარკს. პროექტის ჯამური ოდენობა შეადგენს ₾5.5 მლნ-ს, თუმცა, ესეც გახლავთ 2023-24 წლების გარდამავალი პროექტი. კონკრეტულად 2023 წლის ხარჯი ₾2.250 მლნ იქნება. პარკის ფართობი 28 000 კვ.მეტრია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის პარკს და სამუშაოების ღირებულება ₾3.5 მლნ იქნება.
ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა.
ნარჩენების მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი.
გათვალისწინებულია, ასევე, საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, კერძოდ, ზოოპარკთან დამაკავშირებელი, გმირთა მოედანთან მდებარე და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია.
კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ დაგეგმილია ახალი სპეცტექნიკის შეძენა რომლისთვისაც 9 მლნ ლარი დაიხარჯება.
ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილია 2 მლნ ლარი.
დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშოებისთვის - 2 მლნ ლარი, სკეიტპარკების და სტადიონებისთვის კი 3 მლნ ლარია გამოყოფილი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი.
უსახლკაროების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 5 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა, წლის განმავლობაში აღნიშნული თანხის კორექტირება მოხდება და თანხა დაემატება.
ასევე, გაგრძელდება პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაც, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.
სასესხო კომპონენტების ფარგლებში, 2023 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება: თბილისის მყარი ნარჩენების მართვა - 30 მლნ ლარი; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო - 30 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა - 25 მლნ ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა - 30 მლნ ლარი.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარდამავალი ნაშთი და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.