ეკონომიკა
01/04/2022

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში დაკორექტირდეს

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის გამო საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაკორექტირდეს. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, როგორ დაკორექტირდება ბიუჯეტი, ეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. 

"მოცემულობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, არსებითად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო გასული წლის ბოლოს, როდესაც 2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, წლიურ დოკუმენტზე, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვა გვქონდეს, არა კონკრეტულად 1 ან 2 თვის განმავლობაში, არამედ 6 თვის განმავლობაში, როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში.

ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების საჭიროება შესაძლებელია დადგეს, თუმცა ამ ეტაპზე ამის თქმის შესაძლებლობა არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე რომ გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, ამ საკითხზე შესაძლოა ვიმსჯელოთ წლის მეორე ნახევრიდან. როდესაც უფრო მეტი სიცხადე გვექნება, შესაძლებლობა გვექნება ვიმსჯელოთ ბიუჯეტში წარმოდგენილი პარამეტრების ცვლილებაზე", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მისი თქმით, იანვარ-თებერვალი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. 2 თვეში, ჯამში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 16.3%-ს შეადგენს. 

თუმცა, მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ბუნებრივია, გავლენა ექნება არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთზე, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანაზე. მათ შორის გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე. 

"აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს მეტი ინფორმაცია და სიცხადე გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელია ვიმსჯელოთ იმ პარამეტრებზე, რაც 2022 წლისთვის დაიგეგმა - მიღწევადია თუ არა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.