ეკონომიკა
06/12/2021

"2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება"

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, გასულ კვირაში გამოქვეყნებული ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე მოლოდინებთან შესაბამისი იყო.

პუბლიკაციის თანახმად, ნოემბერში ფასების ზრდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო. სამომხმარებლო ფასების აღნიშნული დინამიკა, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირებასთან ერთად სამომავლოდ დაბალი ინფლაციის არგუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი $85–ის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება.

განახლებული პროგნოზი წინა შეფასებაზე დაბალია, რაც უფრო ძლიერმა ლარმა განაპირობა. TBC Capital –ის ეკონომისტის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი ინფლაცია თავის მხრივ სუსტი ლარის არგუმენტია, ლირის დამატებითი გაუფასურება და კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამოჩენა ლარის კორექციის გაზრდილ ალბათობაზე მიუთითებს. მისი თქმით, აუცილებელი არ არის, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან მხოლოდ ლირის გაუფასურებას, ლარის გაუფასურება მოჰყვეს.