ეკონომიკა
02/05/2023

2022 წელს გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

2022 წელს ინსპექტირებისა და პატრულირების შედეგად გამოვლინდა გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევისა და უნებართვო საქმიანობების 400-მდე შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა ტყითსარგებლობის, ხე-ტყის ტრანსპორტირების, ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, დარღვევები სხვადასხვა მიმართულებითაა, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული არაკეთილსინდისიერი საქმიანობის განამხორციელებელთან ან გარემო ფაქტორებთან.

"ის რომ დღეს ვიღაცამ შეიძლება კანონი არ იცოდეს ბუნებრივია არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან. პრობლემა იმაში არ მგონია, რომ ვინმეს არ აქვს ინფორმაცია რომ ესა თუ ის საქმიანობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ შეფასებას სჭირდება დიდი დრო, ფინანსური რესურსი და აქედან გამომდინარე ცდილობენ გვერდი აუარონ ამ პროცედურას."- ამბობს მაია ბერაძე.

კოდექსში საქმიანობები განაწილებულია 2 დანართში. პირველი დანართით განსაზღვრულია მაღალი ზემოქმედების და მასშტაბის საქმიანობები, მეორე დანართში კი შედარებით დაბალი ზემოქმედების საქმიანობები. თუ ბიზნესი ადრე ფიქრობდა, რომ თავის საქმანობით ზეგავლენას არ ახდენდა გარემოზე, დღეს ეს მიდგომა შედარებით შეიცვალა, თუმცა რაღაც ტიპის გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. ხშირად ბიზნესმა არ იცის რა ტიპის ნებართვა ესაჭიროება და რა პირობების შესრულებას მოითხოვს დოკუმენტი.

Green Steps - ის გენერალური მენეჯერი ქრისტინე კოროშინაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ეს არის ძალიან რთული ხანგრძლივი პროცესი, თუმცა თუ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო და ქვეყანაც განვითარდეს აუცილებელია ბიზნესმა ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს.

"ბიზნესი საწყის ეტაპზე, დაგეგმარების ეტაპზე არ ფლობს საკმარის ინფორმაციას რა ტიპის ნებართვები და გარემოსდაცვითი დოკუმენტები დასჭრიდეს მას. მეორე შეიძლება ვთქვათ ის, რომ  შესაძლოა ქონდეს ინფორმაცია გარკვეული ნებართვების შესახებ, თუმცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ გონია, რომ ეს პროცედურები დასრულებულია, სინამდვილეში კი ნებართვისგაცემასთან ერთად არის უამრავი პირობა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა"- ამბობს ქრისტინე კოროშინაძე.

მისივე თქმით, ბიზნესი ძირითადად ორიენტირებულია რომ რაც შეიზლება ნაკლებად დაჯარიმდეს, ნაკლები სანქცია მიიღოს მშენებლობის თუ ოპერირების ეტაპზე. მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს რომ რაც შეიძლება დაცული უსაფრთხო გარემო შექმნას.

"ამ უსაფრთხოების გარანტია არის ზუსტად ეს გარემოსდაცვითი ნებართვები და ექსპერტული დასკვნები, რასაც გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიებისგან იღებენ ისინი. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული ყველა რგოლის კომუნიკაცია მოხდეს ერთმანეთთან. მთავარია რომ ეს ადამიანები ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდნენ და ხმამაღლა დაიწყონ რიგ პრობლემებზე საუბარი."- აღნიშნავს ქრისტინე კოროშინაძე.

"მიუხედავად იმიაა, რომ კოდექსმა მნიშვნელოვწილად გააუმჯობესა ეს პროცედურები, ასევე ჩართული მხარეების მონაწილეობა, გამოწვევად რჩება დოკუმენტაციის ხარისხი, რომელიც არის წარმოდგენილი განსახილველად გარემოს ეროვნულ სააგენტოში, კვალიფიციური კადრების არსებობა."-ამბობს მაია ბერაძე. 

გარემოს ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარა და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ის საქმიანობები, რომლებიც მანამდე რეგულირებას არ საჭიროებდა. ბუნებრივია რომ ამან კონკრეტული ბიზნესები ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა ამ გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია კერძო თუ საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ევროკავშირის კანონმდებლობას და სტანდარტებს. სწორედ ამის ნაწილია გარემოდაცვითი შფასების კოდექსი, რომლის მიხედვითაც, 2ი017 წლიდან გარკვეული ბიზნეს საქმიანობები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვით ნებართვას საჭიროებენ.

რეგულაციის ქვეშ მოექცა ისეთი სექტორები როგორიცაა ნედლეულის გადამუშავება, ქიმიური წარმოება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჰიდროელექტროსადგურები, სასარგებლო წიაღისეულის როგორც მოპოვება ასევე გადამუშავება, ურბანული განაშენიანება და სხვა.

 

Businesspartner