"2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია"
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
როგორც მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, უკვე მეოთხე წელია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე ნაკლები არ არის.
„არცერთ შემთხვევაში, ბიუჯეტი 1 მლრდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, 1,1 მლრდ. 2021 წლის ბიუჯეტიც 1,05 მლრდ-ია, რომელიც მომავალი წლის პირველივე თვეს, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ტრანსფერი, რომელიც ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ეს თანხებიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძემ პანდემიის გამოწვევბზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ COVID-მა დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
"2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის და ბიუჯეტი იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1/3 ანუ 33% მიმართულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მით უმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი ხარჯები, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთელი თბილისის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი ჯამურად, 425 მლნ ლარს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის საკრებულო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, თბილისის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.