ეკონომიკა
02/06/2022

2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინებს გადააჭარბა - მთავრობის ანგარიში

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2021 წელს და 2022 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. 

როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში წერია, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე −2019 წელთან შედარებით. 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს (წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5% იყო, მოგვიანებით − 7.7%). ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატებოდა.
 
2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა.
 
"აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს (ომის გარეშე კი ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა)", - აღნიშნულია ანგარიშში. 
 
ანგარიშის თანახმად,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, 2022 − 2027 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5%-ს გაუტოლდება.
 
2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
 
საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2021 წელს 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე ასევე
შემცირდა 2019 წელთან შედარებითაც, 2.0 პროცენტული პუნქტით. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.
 
"საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე, როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების − Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე", - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. 
 
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა. 2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 29.9%-ით გაიზარდა.
 
საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების ტენდენციები გაგრძელდა აპრილშიც. რუსეთ უკრაინის ომისა და რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის აღნიშნულ პერიოდშიც ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8%-ით და
1,587.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 33.7%-ით გაიზარდა და 3,666.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 37.1% შეადგინა.
 
პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2021 წლის ივლისდეკემბრის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონე აჭარბებდა 50%-ს და 52.2% იყო. 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა.
 
2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,152.8 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 6.2% შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 86%-იანი აღდგენაა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე მშპ-თან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია,
რეგიონის, ევროპისა და ჩვენი მსგავსი სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის.