ეკონომიკა
31/12/2020
2020 წელს პრივატიზებიდან ₾130 მლნ-ზე მეტია მობილიზებული
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია.
ნათია თურნავას თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის.
„სამომავლოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, რაც წლიური გეგმის 106 პროცენტია. ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. მეტიც, 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.