"2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის,₾ 25 მლნ-ს შეადგენდა, წელს ეს თანხა ₾233 მლნ-ია"
ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ 90-ანებში, შემდეგ კიდევ უფრო დიდი უბედურება – სამოქალაქო ომი გვქონდა და შემდეგ, ის უბედურება, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის ომი. დამატებით 20 000-ზე მეტი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი მივიღეთ კიდევ ქვეყნის შიგნით, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა ჩააბარა წინა ხელისუფლებამ და ა.შ. ეს არის ტკივილი, მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნო, რომ ეს განსაცდელი აძლიერებს ჩვენს ხალხს. ამ ყველაფერზე სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართველებმა, ყველამ, ჩვენი ქვეყნის მიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქუთაისში ბინები 480 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
„დღეს, საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს დევნილებს ბინებს, დროებით დევნილებს, რადგან მჯერა, რომ თქვენ დაბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში. ქუთაისში დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს 480 ოჯახი მიიღებს და 320 ბინა დასრულდება ძალიან მალე. ჯამში, 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში,“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, დაწყებულია მასშტაბური სამუშაოები როგორც თბილისში, ისე რუსთავსა და ქუთაისში.
„გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ თბილისში, რუსთავშიც, ქუთაისშიც. ახლა ვაპირებ, მოვინახულო ახალი ლოკაცია, სადაც ჩვენ დავიწყეთ უკვე მშენებლობა, ესაა 720 ბინის მშენებლობის პროექტი, ჯამში სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება და მაქსიმუმ 2025 წლის ბოლოს დასრულდება. ესაა 70 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი. იქაც 720 ოჯახს გადავცემთ ბინებს. ჯამში, ბოლო 10 წელში ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები, დავუკანონეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ბინები და საცხოვრებელი სახლები.
ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს, აქედან 7 000 იქნება ბინა და 6 000 იქნება სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლები.
არავის ვედრებით, მაგრამ სხვები გვედრებიან და შედარებისთვის რომ გავიხსენოთ, 2012 წელს, ბიუჯეტი რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ძვირფასი დევნილებისთვის შეადგენდა 25 მლნ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს, თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს ფული რა თქმა უნდა ხმარდება სახლების მშენებლობას, ბინების მშენებლობას და ა.შ. ამით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას თქვენ მიმართ, ესაა ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ვისურვებდი, რომ ასეთი და უკეთესი და ძალიან ბევრი ბინის მშენებლობა დავიწყოთ მალე აფხაზეთში, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ამოცანა თქვენთვისაც, აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, მეგობრებო, მშვიდობით, სტაბილურობით და გონივრული პოლიტიკით მჯერა, ამას მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება. ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი.
მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, თქვენ და თქვენს შვილებს, ყველას, თქვენს ოჯახებს და გისურვოთ მალე დაბრუნება თქვენს მშობლიურ მხარეში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“ – განაცხადა პრემიერმა.