2 მლრდ ევრო კერძო და საჯარო სექტორში - EIB-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში
პრემიერმა გიორგი გახარიამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე, ბანკის ქვეყნაში განხორციელებულ ინვესტიციებსა და კოვიდთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის დეტალებზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ გიორგი გახარიამ 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აღნიშნა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. ქვეყანაში ბანკს სახელმწიფო და კერძო სექტორში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განახორციელებული, აქედან 1,48 მლრდ სახელმწიფო სექტორში. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა გზები, ენერგია, წყალი და სხვა.
საუბარი შეეხო EIB-ის ხელშეწყობით საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განახლებას, რაც მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის რეაბილიტაცია-გაფართოებას, ზემო ოსიაურსა და ჩუმათელეთს შორის 14.1 კმ-იანი ახალი მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული მისასვლელი გზების მშენებლობას მოიცავს.
ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობით, EIB-ი მხარს უჭერს მცირე, ინოვაციურ ბიზნესს, InnovFin ხელშეკრულებისა და ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მეშვეობით. შეხვედრაზე ასევე პოზიტიურად შეფასდა EIB-ის პროგრამა მიკრომეწარმეებისთვის, ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრებთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის განვითარებას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.