10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკურ საკითხებზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკურ საკითხებზე რეკომენდაციებს ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის აგრესია უკრაინაში და ამის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა, ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომარეობა საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს არ გამოიწვევს. საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კვლევითი ცენტრების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, თუმცა, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლის დასაწყისში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება.
რამდენად დაზარალდება საქართველოს ეკონომიკა რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებზეც არის დამოკიდებული. ამავე დროს, მყარდება სტრატეგიული შესაძლებლობები, კერძოდ კი - საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის უფრო ეფექტიანი გამოყენება და საქართველოს ეკონომიკის დასავლეთის ქვეყნებთან ინტეგრაციის დაჩქარება.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ და შექმნილი შესაძლებლობების გამოსაყენებლად, ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შესანარჩუნებლად:
საქართველოს მთავრობამ ცალსახად და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად.
"მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში, სანქციები პოლიტიკური საკითხია, დღეს არსებული მოლოდინი, რომ შესაძლოა, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენონ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, რაც გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", -ნათქვამია განცხადებაში.
ფასების ზრდის საწინააღმდეგოდ და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის:
ვინაიდან ფასების სტაბილურობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, უნდა გაუქმდეს იმპორტის გადასახადი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და იმ პროდუქციის ალტერნატიული მომწოდებლები არიან, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის.
"ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სტაბილური ფასების შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, იმპორტის დივერსიფიცირებას", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეამციროს.
გავრცელებული განცხადებით თანახმად, პირველ რიგში, ეს უნდა შეეხოს მიმდინარე ხარჯებს და ასევე, იმ პროექტების დაფინანსებას, რომელთა ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის და მთავრობის გაზრდილი ვალის გამო, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად არსებულ გეგმურ მაჩვენებელს, მშპ-ის მიმართ 4.2%-ს არ გადასცდეს. მთავრობამ ეკონომიური ხარჯვა მომდევნო წლებშიც უნდა გააგრძელოს, რაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის:
მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთზე დაკისრებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე და ამ ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
"დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში გაგვეზრდება წვდომა დასავლურ ფინანსურ რესურსზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგის შემსუბუქებას შეიძლება მოხმარდეს", - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მნიშვნელოვანია მთავრობამ გაითვალისწინოს, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზრდება და ეს პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული.
"აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის ევროპის მიმართულებით ტრანზიტის და შუა აზიის ქვეყნების ტვირთების საქართველოს გავლით გადაზიდვაზე მოთხოვნის ზრდა რეალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო (საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო) პოტენციალის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზაციის დაჩქარებით. ასევე, რეგიონული ცენტრების, სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრების და ტურისტული ობიექტების მშენებლობა-განვითარების ხელშეწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
უნდა დაჩქარდეს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე მიმართული რეფორმები საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისათვის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ იმ დასავლური კომპანიების თუნდაც მცირე ნაწილი მოიზიდოს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.
"რუსეთში წარმოებული დასავლური კომპანიების პროდუქცია, როგორც რუსეთს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებს მიეწოდებოდა. აღნიშნული კომპანიების მოსაზიდად ასევე აუცილებელია საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად", -ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
საქართველოს შეუძლია სტრატეგიულად გამოიყენოს ქვეყანაში შემოსულ უკრაინელ ლტოლვილებს შორის არსებული საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები ეკონომიკის იმ სექტორებში (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები), სადაც ადგილობრივი პროფესიული უნარების ნაკლებობაა.
"ეს სასარგებლო იქნება, როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე უკრაინელი ლტოლვილებისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნისთვის. ამისათვის საჭირო იქნება მთავრობის მიერ ბიუროკრატიული ბარიერების გადახედვა, რაც დაეხმარება ხანგრძლივი პერიოდით ჩამოსულ უკრაინელ მიგრანტებს ქართულ შრომის ბაზართან ინტეგრირებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:
საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება. თავისუფალი ვაჭრობის გეოგრაფიული არეალის ზრდა საქართველოს რუსული პროდუქციის იმპორტზე და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას შეამცირებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა ისეთი სამეწარმეო საქმიანობა მაინც არ უნდა დაასუბსიდირონ, რაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.
"ეს მიდგომა უნდა შეეხოს, როგორც ბიზნესზე გრანტების და შეღავათიანი სესხების გაცემას, ისე ფასის სუბსიდირებას. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს",- აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო პერიოდის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ რუსეთი ენერგომატარებლების და ელექტროენერგიის ექსპორტს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას აზიანებს, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართ კი მნიშვნელოვან რისკებს აჩენს", - ნათქვამია განცხადებაში.