ზვიად ჭუმბურიძე: პოლიტიკურ მოვლენებს ქვეყნის ეკონომიკა ეწირება
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესი ეწირება. ზვიად ჭუმბურიძეს დადებითი მოლოდინი არ აქვს მოლოდინი არც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებასთან დაკავშირებით, რადგან იცვლებიან კანდიდატურები, მაგრამ არ იცვლება ყველაზე მთავარი - მიდგომა.
მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და პოლიტიკურ არეულობას სწორედ ბიზნესი და ეკონომიკა ეწირება.
"სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესი, ასევე ქვეყნის ეკონომიკა ეწირება. იმის მაგივრად გვეცადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები შეგვემსუბუქებინა ბიზნესისთვის, ახლა უარესი დავუმატეთ.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს. ბიზნესის წარმომადგენლები შედარებით იმედიანად იყვნენ, დაგეგმილი ჰქონდათ პრემიერთან აუდიენცია. ახლა კი პრემიერიც აღარ არის.
ღარიბაშვილის კანდიდატურას რაც შეეხება, პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს. თუმცა, აქ საუბარი არ არის კონკრეტულად ღარიბაშვილი იქნება პრემიერი, თუ სხვა ვინმე. პრობლემაა ისაა, რომ იცვლებიან კანდიდატურები, მაგრამ არ იცვლება ყველაზე მთავარი - მიდგომა.
პრემიერ-მინისტრი შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებელი უნდა იყოს ქვეყნის ბედზე. კაბინეტიდან ეს ვერ მოხერხდება. ქვეყანა დღეს არეულია. ერთმანეთს ებრძვის მთავრობა და ოპოზიცია, ამით კი ზარალდება არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ თითოეული მოქალაქე. პროცესები უმართავია. თუ დროულად არ შეიცვლება ეს ვითარება, უფსკრულის პირას მივალთ," - აღნიშნა ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან ამ საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა. „ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე დაასახელა.