ბიზნესი
15/12/2022

ზურაბ რამაზაშვილი: პარადოქსია, როდესაც 1 ლიტრი ღვინო, ამავე რაოდენობის ბენზინზე იაფია

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზარზე ღვინის ფასმა მოიმატა იმის გამო, რომ წარმოების პროცესი უფრო  ძვირი ჯდება.

 ამაში მოიზარება როგორც ღვინო, ისე შესაფუთი მასალები, გაძვირდა ვენახის ქიმია. როგორც რამაზაშვილი განმარტავს, კომპანია „თელავის ღვინის მარანმა“  ფასები საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე დაიჭირა.

რაც შეეხება მომავალ წელს და პროგნოზს, ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ფასები ღვინოზე გაიზრდება როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ბაზარზე.  

როგორც რამაზაშვილი აცხადებს, საქართველოში ღვინის უამრავი მაკომლექტებელი მასალა საზღვარგარეთიდან შემოდის, მათ შორის, ქაღალდი, ბოთლი  და ა.შ. ღვინოზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იქნება.

„რა პროცენტით გაზრდიან კომპანიები ღვინის ფასსს, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.  მნიშვნელოვანია იმის განსაღვრა, თუ რამდენად იქნება მომხმარებელი მზად, ღვინოში გაზრდილი ფასი გადაიხადოს.

ამჟამად, 1 ლიტრი ღვინო, ამავე რაოდენობის ბენზინზე იაფია, ეს პარადოქსია. მომხმარეებელიც მიხვდება, რომ არ შეიძლება ეს ფასი თანხვედრადი იყოს. ღვინის წარმოებას უფრო მეტი სჭირდება. ხალხი უნდა მიეჩვიოს და გაითავისოს, რომ სიამოვნების მიღება უფრო ძვირი უნდა ღირდეს,“-აცხადებს რამაზაშვილი.

„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.კომპანია ექსპორტს ჯამში 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს.