ბიზნესი
09/06/2020

YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული ახალგაზრდა წყვილის ინოვაციური ვებ-აპლიკაცია კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის

მარტში ფონდმა „კრისტალმა“, „USAID YES Georgia“-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ჰაკათონი „YES Hackathon Contain COVID-19“-ი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი წყვილი გახდა: ანრი და ნატა.

ჰაკათონის მიზანი იყო სამეწარმეო იდეების მხარდაჭერა რომლებიც Covid19-ის  გავრცელებას ებრძვიან და  ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ ნეგატიური შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურებიან. ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ გამოყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50,000 ლარის მოცულობით. „კრისტალის“ სტრატეგიული მიზანი სწორედ მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობაა,  რომელსაც ის ბევრი სხვადასხვა პროექტითა და აქტივობით ახორციელებს.

ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორებიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა - „COVID-19“-ის შეკავება.

საბოლოოდ ჰაკათონის 6 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი  ანრი ყუფარაძე და ნატა სულაქველიძის წყვილია. მათ წარადგინეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ვებ-აპლიკაცია, რომლიც მეშვეობითაც COVID-19-ით გამოწვეული ბაქტერიული პნევმონიისა და ვირუსული პნევმონიის დისტანციურად დიაგნოსტირებაა შესაძლებელი.

წყვილი მიიჩნევს, რომ მეწარმეობით დაინტერესების მთავარ მოტივატორად მათთვის სწორედ ჰაკათონი იქცა: „სიმართლე გითხრათ, ჩემი და ანრის საერთო ინტერესებში შედის საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოცდა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი დახვეწა. ჰაკათონმა ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე, იმდენად დაგვაინტერესა მეწარმეობით, რომ კრისტალის მეწარმეთა სკოლაშიც ჩავერთეთ.  თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ  ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღება უკვე გამარჯვება იყო, იქ მიღებული გამოცდილებისა და ჰაკათონის გუნდის გაცნობის გათვალისწინებით.“

უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, ანრიმ და ნატამ ჰაკათონზე წარადგინეს  „COVID-19-ით გამოწვეული ბაქტერიული პნევმონიისა და ვირუსული პნევმონიის დიაგნოსტიკის დისტანციური სერვისი“ , რაც გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვებ-აპლიკაციას, რომლის გამოყენებითაც რენტგენის ფოტოს ატვირთვით, მომხმარებლისთვის ცნობილი ხდებოდა 98% სიზუსტის მქონე დიაგნოზი. ანრისა და ნატასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრისტალის სრული გუნდის მხარდაჭერა და ის რწმენა იყო, რომელიც 72 საათიანი ურთიერთობის დროსაც და მის შემდეგაც არ დაიშურეს: „ამ პროექტმა მიგვახვედრა, რომ თუ მოინდომებ შეგიძლია 72 საათში რჩევების მოსმენით ახალ ცოდნას დაეუფლო და გამოიყენო. და ყველაზე მთავარი - მეხსიერებაში დაგვიტოვა ძალიან სასიამოვნო მოგონებები. ამჟამად, ჩვენი ამ პროექტით დაინტერესებულია ინვესტორი ამერიკიდან, რომელთანაც ვგეგმავთ ურთიერთობის გაგრძელებას. საქართველოში, ჯერჯერობით მონეტიზაციისგან თავს ვიკავებთ და ასეთ რთულ პერიოდში უფასოდ ვთავაზობთ ჩვენს სერვისს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებსა და კერძო პირებს. მათ შორის, დადგენილი გვაქვს COVID-19-ის 30-მდე დადებითი დიაგნოზი, რისი გათვალისწინებითაც ამ კონკრეტულ შემთხვევებში მალევე მოხდა რეაგირება. ჩვენი სერვისით სარგებლობენ პაკისტანშიც, საიდანაც მედიცინის დოქტორი ქალბატონი ბჰუტტა ჩვენი სერვისის შედეგებზე დაყრდნობით იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და კოლეგებს მოუწოდებს მისი გამოყენებისკენ. ამ სერვისის გარდა ჩვენ მზად გვაქვს კანის სიმსივნის ამომცნობი - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია, კანის სხვადასხვა დაავადებების ამომცნობი, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების კლასიფიკატორი, აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის მედიცინასთან ადაპტაციაზე და ვგეგმავთ ეტაპობრივად ყველა სფეროს შევეხოთ, სადაც ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება,“ - გვიყვება ნატა.

ონლაინ ჰაკათონის მსვლელობისას მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. Entrepreneur-ი პროექტში ჩართულ ერთ-ერთ მენტორს ესაუბრა. მონიკა ფილიშვილი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“-ს სადაზღვევო პროდუქტების კოორდინატორი და 2018 წლის ოქტომბრიდან პროგრამა „Yes Georgia”-ს მენტორია. ონლაინ ჰაკათონშიც მონიკა მონაწილეებს წარმოდგენილი ბიზნეს პროექტების ფინანსურ დაგეგმარებაში ატრენინგებდა. მენტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი დროული გამოძახილი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც გამოხატა სურვილი საკუთარი წვლილი შეეტანა პანდემიის დაძლევის საერთო საქმეში და რადგან „კრისტალის“ სტრატეგია მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობაა, ამ მიზნით ჩატარებულმა ჰაკათონმა დიდი როლი ითამაშა კორონავირუსის პანდემიის დროს: „ჩვენი მისწრაფებაა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა მეწარმეებს და დავეხმაროთ მათ იდეების სრულყოფაში. ონლაინ ჰაკათონის „YES Hackathon Contain COVID-19“-ის ჩატარებამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო ინოვაციური ბიზნეს-იდეების, ახალგაზრდა მეწარმეების პოტენციალისა და მათი გადაწყვეტილებების წასახალისებლად და მხარდასაჭერად, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მსგავსი პროექტების მომავალში ჩატარება ვფიქრობ დიდ სტიმულს მისცემს როგორც ახალგაზრდებს, ასევე ქვეყანაში ბიზნეს პოტენციალის აღმოჩენას, რეალიზებასა და განვითარებას.“

 

 

Businesspartner