Wondernet Express Investment Group-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტითაა დაინტერესებული
Wondernet Express Investment Group-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტითაა დაინეტერესებული.
ჯგუფის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანას დიდი ხანია ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება.
„გეოპოლიტიკური ვითარება შეცვლილია. სრულიად ახალ რეალობაში ვხოვრობთ და ამან გამოიწვია ის, რომ ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება დადგა დღის წესრიგში. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი პორტის საჭიროება აქამდეც იყო. ტვირთები იზრდება, ახალი ქარხნები იხსნება და საჭიროა მათი მომსახურება. არსებული პორტები ძალიან პატარაა - ბათუმიც და ფოთიც. რა თქმა უნდა, მათი გაფართოება შეიძლება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად დიდი, რომ ახალ ტვირთებს და ახალ მიმართულებებს მოვემსახუროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო დიდ გემებს, უფრო მეტ ტვირთს მოვემსახუროთ.
დღესდღეობით, ყველაზე დიდ გემებს ჩვენი კომპანია ემსახურება და ძალიან გვიხარია, რომ დაახლოებით 48 ათას ტონიანი გემი გვაქვს დატვირთული. ეს ნამდვილად, მიღწევა იყო საქართველოს ტრანსპორტის სფეროში. თუმცა, ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, უფრო დიდ გემებსა და ტვირთებს უნდა მოვემსახუროთ. მხოლოდ ჩვენს კომპანიას დღეს შემოთავაზება აქვს დაახლოებით 7-დან 9 მლნ ტონამდე ტვირთის მომსახურებაზე. როცა გვექნება ამის საშუალება, ნამდვილად, ვაპირებთ ამ შემოთავაზების მიღებას“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.
კითხვაზე, მიიღო თუ არა კომპანიამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხვატაში მონაწილეობა, Wondernet Express Investment Group-ის დირექტორი გვპასუხობს:
„ჩვენ ვართ გადამზიდავი და სატერმინალო კომპანია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ჯანსაღი ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ. პროცესი მიმდინარეობს და მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს უკვე განხორცილებული აქვს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია ანაკლიაში”.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი 2022 წელს ამუშავდა. ტერმინალი მშრალ ტვირთებს - მინერალურ სასუქებს ემსახურება, რომელიც ევროპის მიმართულებით გადაიზიდება. მისი სიმძლავრე წელიწადში 1,5 მლნ ტონაა.
ტერმინალი 25 მლნ დოლარის ინვესტიციით აშენდა. ინვესტორები ამერიკული კორპორაცია „ტრამო“ და კომპანია Wondernet Express Investment Group-ი არიან.